|
რექტორი
ვალერი ზაქარიას ძე სუხიშვილი
პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
დოქტორი, აგრარულ მეცნიერებათა და კავკასიის ხალხთა აკადემიების წევრი, ორი
პუბლიცისტური და 36 სამეცნიერო შრომის ავტორი, მებოსტნეობის სელექციაში
ორი ახალი
ჯიშის შემქმნელი, სოფლის მეურნეობის დარგის ცნობილი ორგანიზატორი და ნოვატორი.
ბიოგრაფია
1957 წელს დაამთავრა მეჯვრისხევის საშუალო სკოლა, შემდგომ საქართველოს
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის
ასპირანტურა, რის შემდეგ დაიცვა ჯერ მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო შემდგომ
მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
პარალელურად
ეწეოდა შრომით საქმიანობას, 1961-1962 წლებში იყო მეჯვრისხევის კოლმეურნეობის
აგრონომი და თავმჯდომარის მოადგილე, 1962 წლიდან 1963 წლამდე
საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის კომორგის ინსტრუქტორი შიდა ქართლის
ზონაში, 1963 წლიდან ირჩევენ ამავე რეგიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის
- კომკავშირის კომიტეტის პირველ მდივნად და გორის კომკავშირის რაიკომის პირველ
მდივნად 1970 წლამდე. 1970 წლიდან სამუშაოდ გადაყავთ გორის რაიონის სოფელ ბერბუკის
მეხილეობა-მებოსტნეობის მეურნეობის დირექტორად, რის შემდეგაც ინიშნება გორის
რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად.
1976-1991 წლებში მუშაობდა გორის რაიონის ძევერის მეხილეობის მეურნეობის
დირექტორად, რომელიც მისი ხელმძღვანელობით მთელ ქვეყანაში იქცა ყველაზე წარმატებულ
და პოპულარულ მეურნეობად.
ვ.
სუხიშვილი გამოირჩეოდა ინიციატივებით და ნოვატორობით, იგი განსაკუთრებულ მუშაობას
ეწეოდა ახალგაზრდობის აღზრდის მიმართ, მეურნეობაში შექმნილი სპეციალური ფონდებიდან
ეხმარებოდა ობლებს, ხელმოკლე ოჯახებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს სპეციალური ლიმიტით
აგზავნიდა უმაღლეს სასწავლებლებში და უხდიდა სტიპენდიებს. ეწეოდა სასკოლო და
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მშენებლობებს და მათ მატერიალურ უზრუნველყოფას.
მისი ინიციატივით სოფლის საშუალო სკოლის უფროსკლასელთა ბაზაზე ჩამოყალიბდა სასწავლო
„მინი მეურნეობა“, რომელიც მიზნად ისახავდა შრომით აღზრდას და მეურნეობრიობის
თვითმმართველობის პრინციპების შესწავლას, რომელსაც მართავდა მოსწავლე-დირექტორი,
მოსწავლე-მოადგილე, მოსწავლე ბრიგადირები და აღმრიცხველი. ცალკე გამოყოფილ
ნაკვეთებში გაწეული შრომისათვის მოსწავლეები იღებდნენ გაორმაგებულ ანაზღაურებას.
აღნიშნულმა მოდელმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რომელიც ხელისუფლების სპეციალური
დადგენილებით განზოგადებული იქნა საქართველოში და მთელი კავშირის სივრცეში, ხოლო
უცხოელი სტუმრები გულდასმით ეცნობოდნენ და სწავლობდნენ აღნიშნულ სტრუქტურულ მოდელს.
სწორედ ახალგაზრდობის აღზრდისადმი განსაკუთრებული ზრუნვისათვის ვ. სუხიშვილი
მრავალჯერ იყო არჩეული დელეგატად მასწავლებელთა რესპუბლიკურ და საკავშირო
ყრილობებზე. მონაწილეობდა ახალგაზრდობის შრომითი აღზრდისადმი მიძღვნილ
კონფერენციაზე ქ. სვერდლოვსკში, სადაც გამოვიდა საინტერესო მოხსენებით. იგი
დაჯილდოებულია მთავრობის მრავალი ორდენითა და მედლით, ქების სიგელებით, აგრეთვე
განათლების წარჩინებულის მედლით და სხვა.
1991-1994
წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების პირევლ წლებში კვლავ რაიონულ ხელმძღვანელობაშია
- ხელმძღვანელობდა გორის რაიონში მიწის რეფორმას და იყო გორის რაიონის სოფლის
მეურნეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
1995 წელს ვ. სუხიშვილმა მეუღლესთან - რუსუდან
გოხელაშვილთან ერთად დააფუძნა აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის გორის ინსტიტუტი,
შემდგომში გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია, რომელმაც სულ მალე დაიმკვიდრა
ღირსეული ადგილი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რის შედეგადაც წარმატებით
გაიარა აკრედიტაცია და ითვლება ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად.
ტელ: 8270-7-24-08;
899-97-27-02
|